English / ქართული / русский /
ცოტნე ჟღენტი
განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე

ანოტაცია. ენერგიის ახალი და ალტერნატიული წყაროების ძიება და გამოყენება უხსოვარი დროიდან მოყოლებული კაცობრიობის ფიქრისა და განსჯის საგანს წარმოადგენს.

მსოფლიო ეკონომიკის გაფართოებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე, რაც პლანეტის შეზღუდული რესურსების ფონზე უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს განახლებად ენერგორესურსებს. იგი მოიცავს ქარისა და მზის ენერგიას, ჰიდრორესურსს, ზღვის მოქცევა/მიქცევის, ასევე გეოთერმულ და ბიო ენერგიას.  განახლებადი ენერგიის მიმართ მაღალი ინტერესი გამოწვეულია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე. მაგალითად, გარემოზე მინიმალური გავლენა, მავნე ნივთიერებების ემისიის მნიშვნელოვანი შემცირება, ენერგორესურსების პორტფელის დივერსიფიცირება და შესაბამისად ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება, სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნებისათვის და მათ შორის საქართველოსთვის. 

თემის აქტუალობა

რატომ გვჭირდება განახლებადი ენერგია?

წიაღისეული რესურსების - ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ჩანაცვლება სხვა საშუალებებით რამდენიმე მიზეზის გამო გახდა აქტუალური:

  1. მარაგების ამოწურვის რისკი;
  2. ეკოლოგიური პრობლემები - წიაღისეული საწვავის მოხმარება დიდი რაოდენობით ნარჩენებს წარმოქმნის, რომლის განთავსება ხშირ შემთხვევაში ბევრ ძალისხმევას მოითხოვს და არც ისე ადვილია;
  3. კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა - წიაღისეული რესურსების წვა აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. საწვავის წვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები - სხვადასხვა გაზები, რომლებიც „სათბურის ეფექტს“ ქმნიან და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას ზრდიან.

დღევანდელ დღეს განახლებადი ენერგია აქტუალურია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, OECD-ის არაწევრი ქვეყნების მოხმარებული ენერგიის მოცულობა უკვე აღემატება OECD-ის წევრი ქვეყნების მოხმარებას.  ენერგიის მოხმარება/გარდაქმნა ხდება  ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მრავალი დანიშნულებით, შესაბამისად, განახლებად ენერგიას აქვს მაღალი წმინდა ეკონომიკური მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. 

განახლებად ენერგიაზე საუბრის დროს, უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ მისი ურთიერთქმედება გარემოსთან. ენერგიის წარმოების პროცესში თითქმის არ გამოიყოფა რაიმე სახის მავნე ნივთიერებები, რაც უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე.  

მისი მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა გახლავთ მისი განახლებადობა, ამოუწურვადობა, განსხვავებით ისეთი ტრადიციული ენერგიის წყაროებისა, როგორიცაა გაზი, ნავთობი თუ სხვა წიაღისეული, რომელთა მარაგებიც ფიქსირებულია. დედამიწა, მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან ერთად სულ უფრო ნაკლები რესურსის ამარა რჩება, ამდენად გრძელვადიან პერიოდში განახლებადი რესურსების ფლობა წარმოადგენს უალტერნატივო უპირატესობას მრავალი მიმართულებით.

საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი გახდეს განახლებადი ენერგიის ტრანსფორმაციით მიღებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი. ეს კი, ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს მთლიანად რეგიონში. ხსენებული უპირატესობა კი შეგვიძლია ორ მნიშვნელოვან ასპექტად განვიხილოთ:

  1. ენერგოდამოუკიდებლობა, რაც მეტად არსებითია პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად რეგიონში,
  2. ეკონომიკური სარგებელი, ქვეყნის შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ კვტ.საათის ექვივალენტური.

საქართველოს მდინარეების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ, ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით. თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ასეთი პროექტების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე.

საქართველო მდიდარი ქვეყანაა განახლებადი ენერგიის რესურსებით, თუმცა მწირი სახით მოიპოვება ენერგიის ტრადიციული წყაროები. 2016 წელს, სულ საქართველოში 57.6 ათასი ტერაჯოული  მოცულობის ენერგიის წარმოება მოხდა, რაც 1.4 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტია. ამ  ენერგიის ნახევარზე მეტი ჰიდრო რესურსებზე მოდიოდა - 58.3%. წარმოებულ ენერგიაში კვლავ დიდი წილი აქვს ბიოსაწვავს და ნარჩენებს - 28.2%. დანარჩენი ენერგიის წყაროებს შედარებით ნაკლები წილი აქვთ შიდა წარმოებაში: ქვანახშირი - 8.7%, ნედლი ნავთობი - 2.8%, გეოთერმული -1.5%, გაზი - 0.4% (დიაგრამა 1).

 დიაგრამა 1: ენერგიის წარმოება საქართველოში; 2016 წელი.

წყარო: საქსტატი 

საქართველოში საბოლოო მოხმარებული ენერგია 3.15-ჯერ აღემატება წარმოებულ ენერგიას, რაც მეტწილად არაგანახლებად ენერგო რესურსებზე მოთხოვნითაა გამოწვეული, რომელიც ქვეყანაში არ მოიპოვება, თუმცა რიგ დარგებში ტრადიციული ენერგო რესურსები ფართოდ გამოყენება. შედეგად, 2016 წელს ქვეყნის შიდა მოხმარებაში თითქმის ერთი მესამედი ეჭირა ნავთობ-პროდუქტებს (33.1%), ხოლო მასზე ოდნავ ნაკლები ბუნებრივ გაზს (30.5%). როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში მცირდება ქვანახშირის როლი ეკონომიკაში (მოხმარების 5.8%). შიდა მოხმარების 20.8% მოდის ელექტროენერგიაზე, რომლის წყარო ერთის მხრივ შიდა სხვადასხვა სახის განახლებადი ენერგია/არაგანახლებადი ენერგია ან იმპორტია. შიდა საბოლოო მოხმარების მხოლოდ  0.4% მოდის გეოთერმულ ენერგიაზე.

დიაგრამა 2: ენერგიის მოხმარება საქართველოში; 2016 წელი.

 

წყარო: საქსტატი 

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ფონზე მოსალოდნელია საქართველოს ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ექსპორტიორად გადაქცევა. რეალისტური გათვლებით, მომდევნო წლებში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება საქართველოში გაიზრდება წლიურად საშუალოდ 3.5%-ით. შედეგად, 2027 წლისთვის მოსალოდნელია 9.9 მლრდ კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტი, რაც მთლიანად წარმოებული ელექტროენერგიის 37.6% იქნება.

რაც შეეხება განახლებადი ენერგიის როლს ელექტროსისტემაში - 2016 წლისთვის საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია წარმოების 79.9%, ხოლო ქვეყნის მოხმარების 80.7%-ს შეადგენდა. იმავე მოხმარების ზრდის რეალისტური გათვლით (3.5% წლიურად), 2027 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია წარმოების 87.7%, ხოლო მოხმარების 140.6% იქნება. გარდა ამისა, შესწავლის ეტაპზეა მზის და ქარის პოტენციური ელექტროსადგურები, რომელთა აშენება გაზრდის როგორც მთლიანად ენერგიის წარმოებას, ასევე მასში განახლებადი ენერგიების წილს. 

განახლებადი ენერგიის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

რა პოტენციალი აქვს განახლებად ენერგო რესურსებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. კვლევის აღნიშნულ ნაწილში, პოტენციური შედეგები წარმოდგენილი იქნება არა ენერგეტიკულ, არამედ ეკონომიკური მაჩვენებლებით. კერძოდ კი, ეკონომიკურ ზრდასა და ექსპორტის ზრდაში წილით. მაჩვენებლების გასაანგარიშებლად, პირველ რიგში აუცილებელია შეფასდეს აგრეგირებული ენერგეტიკული მაჩვენებლები ქვეყნის დონეზე. ამისათვის, გამოვიყენებთ არსებულ ინფორმაციას განახლებადი ენერგიის პროექტების შესახებ (2017 წლის მდგომარეობით). საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის პროექტები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: მიმდინარე და პოტენციური. მიმდინარე პროექტებში გაერთიანებულია ყველა ის პროექტი, რომლის კუთხითაც არსებობს ინვესტორის ინტერესი. ეს პროექტები თავის მხრივ იყოფა სამ ჯგუფად:

  1. მშენებლობის და ლიცენზირების ეტაპზე მყოფი პროექტები;
  2. ტექნიკური და ეკონომიკური კვლევის ეტაპზე მყოფი პროექტები, შემდგომი მშენებლობის ვალდებულებით;
  3. ტექნიკური და ეკონომიკური კვლევის ეტაპზე მყოფი პროექტები

ხოლო პოტენციური პროექტების სია შედგენილია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ პოტენციურ ინვესტორთათვის (საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე" N125 ბრძანება).

თითოეული პროექტისთვის მოცემულია საშუალო წლიური გამომუშავება. მათ მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულების გასაანგარიშებლად, გამოიყენება გარკვეული დაშვებები (დაშვებები აღებულია პოტენციური პროექტებიდან).

ექსპორტის ტარიფი (USD) -0,080

შიდა მიწოდების ტარიფი (USD)         - 0,048

ტექნიკური დანაკარგები და საკუთარი მოხმარება- 3%

ექსპორტის წილი  - 80%

შიდა მიწოდების წილი - 20%

კვლევაში გამოყენებულია შემდეგი დაშვებები:

  1. თითოეული პროექტის საშუალო წლიური გამომუშავებას აკლდება ტექნიკური დანაკარგები (0.03%);
  2. მიღებული გამომუშავება იყოფა ექსპორტსა და შიდა მიწოდებაზე (80%-20%);
  3. მიღებული გამომუშავებები მრავლდება კილოვატის ელექტროეენერგიის ფასზე და ჯამდება;
  4. საბოლოო დამატებული ღირებულება იყოფა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რათა შეფასდეს მისი წილი.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებად გამოვიყენეთ 2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში (15230 მლრდ აშშ დოლარი) და 2017 წლის ექსპორტის  მაჩვენებელი (2348 მლრდ აშშ დოლარი). 

დიაგრამა 3: პროექტების პოტენციური ჯამური წილი

ეკონომიკაში პროექტის სტატუსის მიხედვით

 

წყარო: ავტორთა შეფასებები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (2017 წელი) და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით 

დასკვნა

პროექტების დონეზე მიღებული ინფორმაციის აგრეგირების შემდეგ შესაძლებელია ზოგადი სურათის დანახვა, პირველ რიგში დავაჯამოთ პროექტები მათი სტატუსის მიხედვით: მშენებლობის და ლიცენზირების ეტაპზე მყოფი პროექტები (45 პროექტი) - სრულ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ისინი წლიურად შექმნიან ჯამურ დამატებით ღირებულებას მიმდინარე მშპ-ს (2017 წელი) 2.5%-ის ოდენობით. მეორე ჯგუფში შედის კვლევის ეტაპზე მყოფი პროექტები მშენებლობის ვალდებულებით (22 პროექტი), რომლის პოტენციური გამოშვების წილი მიმდინარე მშპ-ს 2.2%-ია. ეს არის პროექტები, რომელთათვის განსაზღვრულია მშენებლობის ვადები და ვალდებულებები, თუმცა კვლავ მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. შემდეგი ჯგუფია ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის ეტაპზე მყოფი პროექტები (80 პროექტი); ამ პროექტებზე არსებობს გამოხატული ინტერესი ინვესტორების მიერ, თუმცა ჯერ მხოლოდ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს,  რის შემდეგაც შეიძლება მოხდეს მათი მშენებლობის ვადების განსაზღვრა. ამ პროექტების ჯამური წვლილი მშპ-ში 4.6%-ით განისაზღვრება. მეოთხე ჯგუფია პოტენციური პროექტები (99 პროექტი), რომლებიც ჯერ მხოლოდ თეორიულად არსებობს და მასზე არაა გამოხატული ინვესტორის ინტერესი. პოტენციური პროექტების პოტენციური ჯამური წილი მშპ-ში 3.2%-ს შეადგენს.

განახლებადი ენერგიის მიმდინარე და პოტენციური პროექტები რამდენიმე განახლებადი ენერგიის წყაროთი განისაზღვრება. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჰიდრო რესურსებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქართულ ენერგეტიკაში. ჰიდრო ელექტროსადგურების პროექტების (როგორც მიმდინარე, ისე პოტენციური) ჯამური პოტენციური წვლილი მიმდინარე ეკონომიკის ზომასთან შედარებით საკმაოდ მაღალია და 10.2%-ს შეადგენს. ჰიდრო რესურსების შემდეგ, საქართველო ინვესტორთათვის მიმზიდველია ქარის ენერგიით, ქარის ელექტროსადგურებისთვის ხსენებული მაჩვენებელი 2.0%-ს შეადგენს. ინტერესი მზის ენერგიის ათვისებით კუთხით, ჯერ-ჯერობით მწირია (0.3%), ისევე როგორც ბიო ნარჩენების გადამუშავებაზე.

ჯამურად ოთხივე ტიპის პროექტების პოტენციური წვლილი ეკონომიკაში 12.6%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ცხადია კვლევა ემყარება გარკვეულ დაშვებებს, და ყველა პროექტის განხორციელებას ათეულობით წლები დასჭირდება და არსებული ეკონომიკის ზრდის  ფონზე, სხვა თანაბარ პირობებში  ეკონომიკურ ზრდაში მათი წვლილი შემცირდება. თუმცა, პროექტების პოტენციური ეკონომიკური სარგებელი მეტად თვალსაჩინოა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. A strategy for smart, sustainable and inclusive growth” and in 2011 “A resource-efficient Europe – Flagship initiative under the Europe 2020 Strategy”
  2. An Action Plan for the Circular Economy EU 2015”; China (2009), “Circular Economy
  3. Chiara Conti, Maria Luisa Mancusi - Transition Towards a Green Economy in Europe: Innovation and Knowledge Integration in the Renewable Energy Sector (2015)
  4. Geoffrey Heal - THE ECONOMICS OF RENEWABLE ENERGY (2009)
  5. Guerrero, M. G. S. National natural capital accounting with the ecological footrpint concept. Ecol. Econ. 1999, 29, 375–390.
  6. Hermann Scheer - The Solar Economy: Renewable Energy for a Sustainable Global Future (2013)
  7. International Energy Agency - World Energy Outlook 2016
  8. Nicholas Apergisa, James E. Payneb - Renewable energy consumption and economic growth: Evidence from a panel of OECD countries (2010)
  9.  OECD (2009), “The Bioeconomy to 2030. Designing a policy agenda”; EU (2012), “Innovating for Sustainable Growth: A Bioeconomy for Europe”; USA (2012), “National Bioeconomy Blueprint
  10. Promotion Law”; Spain (2018), “Circular Spain 2030 – Spanish Circular Economy Strategy. Netherlands (2016), Circular Economy in the Netherlands by 2050” [8,9].
  11. Ramcilovic-Suominen, S.; Pülzl, H. Sustainable development – A ‘selling point’ of the emerging E bioeconomy policy framework? J. Clean. Prod. 2016, , 4170–4180, doi:10.1016/j.jclepro.2016.12.157.
  12. The International Renewable Energy Agency (IRENA) - RENEWABLE ENERGY BENEFITS: MEASURING THE ECONOMICS (2016)
  13. The Renewable Energy Policy Network for the 21st Century (REN21) - RENEWABLES 2016 GLOBAL STATUS REPORT